X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა აქტიურ ფაზაში შევიდა

29 ოქტომბერი 2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში, ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა აქტიურ ფაზაში შევიდა.

მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა  „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში“ ხორციელდება და ითვალისწინებს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვას.

ერთიანი ელექტრონული მმართველობის სისტემა, რომლის დანერგვაში, პირველ ეტაპზე,  21 მუნიციპალიტეტი ჩაერთო, შექმნილია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის და მისი ეფექტიანობა პრაქტიკაში გამოცდილია. პროექტში ჩართულ მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სისტემის დანერგვას ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA), რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში არსებული ბიზნეს-პროცესების შეფასების საფუძველზე, ახორციელებს საჭირო მოდულების ადაპტაციას და მათ დანერგვას.

მოგეხსენებათ, რომ ელექტრონული სერვისების სისტემის დანერგვის პროექტი დაყოფილია სამ ეტაპად. პროექტის სრული ციკლის განმავლობაში, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში დაინერგება 17 მოდული/სერვისი, სადაც მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს უკვე უტარდებათ შესაბამისი სწავლება, რაც ზრდის მათ პროფესიულ უნარებსა და კომპეტენციას.

პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ ისეთივე სახისა და ხარისხის მომსახურების მიღების საშუალება, როგორც დედაქალაქში. სისტემა ასევე იძლევა ერთი ფანჯრის პრინციპით ერთი მუნიციპალიტეტის მომსახურების სხვა მუნიციპალიტეტში მიღების შესაძლებლობასაც, რაც გაცილებით ზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას.  

ელექტრონული სერვისები ფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ადმინისტრაციული საქმისწარმოება; სივრცითი მოწყობა, არქიტექტურა და ზედამხედველობა; ეკოლოგია და გამწვანება; მთის სტატუსი; კეთილმოწყობა და დასუფთავება; ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი; ქონების მართვა; ჯანდაცვა და სოციალური სერვისები.

ერთიანი ელექტრონული პლატფორმა ავითარებს ისეთ მოდულებს, როგორებიცაა: ადამიანური რესურსების მართვა; ელექტრონული კანცელარია; ონლაინ განცხადებები; საკრებულოს საქმისწარმოება; მოქალაქის დახმარება; იდეა მერს; უფასო სასადილოების ბენეფიციართა მართვა; ინფრასტრუქტურული ობიექტების მართვა; პარკირების მართვა; დასუფთავება და ნარჩენების მართვა და სხვა.

მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროექტის განხორციელება ემსახურება საქართველოს მთავრობის ამოცანას - შექმნას პირობები თანაბარი რეგიონული განვითარებისათვის. პროექტი უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტიანობის და გამჭვირვალეობის ზრდას.